შემოაბიჯე ირეალურ სამყაროში
- ანი ბოჭორიშვილი
- Dec 11, 2016
- 1 min read

თუ შეგიძლია დახუჭო თვალები, წარმოიდგინო, რომ მარტო ხარ, სულ სულ მარტო... შენს წარმოსახვას mp3 ფუნქცია ჩაურთო და მოისმინო, როგორ ხმაურობს სიჩუმე. დაინახო, როგორ გაბაცდა ცა, მხოლოდ ერთგან, დასალიერზე... გაარჩიო, როგორ სხლტება წვიმის წვეთები ერთი ფოთლიდან მეორეზე და სიბნელეში მობორიალე ლანდებიც კი გაარჩიო. შემდეგ დომენიკო გაიცნო, მასთან ერთად იბორიალო ტყეში. მალევე კი დაინახო, როგორ ჩარაზავს მანორის ფერმის პატრონი, მისტერ ჯოუნზი საქათმეებსა და საღორეებს. დაჯდე ხის ქვეშ, რომელსაც ძალიან, ძალიან პატარა ტოტები აქვს, დაჯდე და ფეხსაცმელების გახდა დაიწყო... სადღაც შორს, მაგრამ, იმავდროულად ძალიან ახლოს მოისროლო ისინი და სულმოუთქმელად ელოდო გოდოს გამოჩენას. თუ მოგზაურობა გიყვარს, აქ ნუ გაჩერდები. მალე ბიჭი გამოჩნდება და გეტყვის, გოდო დღეს ვერ ახრეხებს მოსვლას, მაგრამ ხვალ აუცილებალად მოვა... თუ კიდევ იმოგზაურებ, მიხვდები, რომ შენ მკვდარი ხარ, გვამი, რომელიღაც ჭის ფსკერზე დაგდებული. კარგა ხანია, გული გაგიჩერდა, მაგრამ ეს არავინ იცის... ეს კი შენ ისევე გტკივა, როგორც ორჰან ფამუქის მიერ შეთხზულ პერსონაჟს. არ შეგეშნდეს, უფრო შორსაც შეგიძლია წასვლა. ისევ შეგიძლია შეიყვარო ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი, ან თუ გამბედაობა გეყოფა, თავად გახდე მეომარი, რომელსაც მხოლოდ 2 კვირა აქვს ადამიანური ცხოვრებისათვის. ან თუნდაც, მხოლოდ რამდენიმე წუთით, განიცადო მეტამორფოზა და გააცნობიერო, რომ ახლიდან დაბადება ყოველთვის არ ნიშნავს ცხოვრების თავიდან დაწყებას. თავს ზედმეტად ფილოსოფიური ფიქრებით ნუ შეიწუხებ, გზა განაგრძე... ერთ დღესაც შეძლებ, გულიანად იცინო მთიელ ჯურხაზე, რომელსაც ამოუჩემებია, „ფრანგების ქვეყანა“ უნდა ვნახოო და ამ დღიდან მოყოლებული, გერმანულ ლექსიკონს გულის ჯიბიდან არ იშორებს.
შორს რომ აღარ წავიდე, უბრალოდ გეტყვი, მოგზაურობას შენთვის სასურველი მიმართულება შეგიძლია მისცე. ამისთვის კი სწორედ ახლა, წელიწადის ყველაზე უფერულ დროს, როდესაც ადამიანები გამუდმებით სასწაულის მოხდენას ელოდებიან, შენ შეგიძლია მოხვიდე ჩვენთან. თბილ, მყუდრო გარემოში. მოკალათდე ფანჯარასთან, ან ფანჯრისგან ოდნავ შორს, ყველაზე მყუდრო კუნჭულში. მუხლებზე ჩაის ჭიქა დაიდო და შეაბიჯო ირეალურ სამყაროში, რომელსაც ცოტა ხანში უფრო მეტადაც კი შეიგრძნობ, ვიდრე რეალურს.
Comentarios