„გოდოს მოლოდინში“- აბსურდი ბეკეტისეულად
- ანი ბოჭორიშვილი
- Dec 10, 2016
- 2 min read

,,გოდოს მოლოდინში’’ - ესაა პიესა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს ცნების „პოსტმოდერნიზმი“ მიშვნელობას. ნაწარმოები არაფერზე, იმავდროულად კი, ყვლაფერზე ერთად. ესაა მეოცე საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის, სამუელ ბეკეტის პიესა, რომელიც სავსეა საოცარი პოეტურობითა და ღრმა შინაარსობრივი დატვირთვით.
ბეკეტი მისსავე სიცოცხლეში თანამედროვეობის კლასიკოსად აღიარეს. მას, როგორც ყველა ნოვატორს, რომლებიც ბევრად უსწრებდნენ თანამედროვეობას, შემოქმედებითი გზის დასაწყისში უამრავი პრობლემა შეხვდა. მისმა ნაწარმოებებმა უარყოფითი გამოხმაურებები გამოიწვია ლიტერატურულ სივრცეში. სამუელ ბეკეტის, როგორც დრამატურგის, სასცენო დებიუტი შედგა 1953 წელს, პარიზში, ,,ბაბილონის თეატრში’’, სადაც ,,გოდოს მოლოდინში’’ დაიდგა. ამ სასცენო ვერსიის დადგმაში ბეკეტი თავად იღებდა აქტიურ მონაწილეობას. პირველი რამდენიმე წარმოდგენა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ არც ერთი სპექტაკლი ანშლაგის გარეშე არ ჩატარებულა. მიდგომა ამ ნაწარმოების მიმართ საკმაოდ სკეპტიკური და უარყოფითი იყო. საბოლოოდ კი იგი აღიარეს, როგორც ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის მანიფესტი. ადამიანი დაბადებიდანვე აბსურდისთვისაა განწირული და სწორედ ეს ქმნის ტრაგიზმს. ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებისა და ადამიანური არსებობის ტრაგიზმი მთელი რადიკალურობით წარმოდგება ,,გოდოს მოლოდინში’’. პიესის პერსონაჟები თითქოს საპყრობილეში არიან გამომწყვდეულნი, ისინი არ არსებობენ, დაკარგულნი არიან სამყაროში. მათი დრო არ იძვრის, არ არსებობს ვინაობა, ადგილი, ეპოქა, ისინი სადღაც სვა განზომილებაში არიან, სხვა რეალობაში, სადაც ინტრიგა ერთადერთია- მოლოდინი. მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ, რამე შეცვალონ, მათი კომუნიკაციაც კი იმდენად დაბალ დონეზეა, რომ არაფრის მომცემია, აზრდაუმთავრებელი. მათი მომავალი წარმოუდგენელია, წარსული უაზრო, აწმყო კი მოსაწყენი. ეს არც დრამაა, არც კომედია, ეს უფრო ცხოვრების თეატრია-ტრაგიკომედია, ესაა აბსურდის ტეატრი.
რეალობისგან აბსოლუტური გამიჯვნის გამო, აბსურდის თეატრი ანტითეატრადაც მოიხსენიება. ანტითეატრში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ,,მეტყველების კრიზისი”. აბსურდისტების აზრით, სიტყვებს ხშირად შეცდომაში შევყავართ, რადგან მათი მნიშვნელობა იცვლება გარემოს მიხედვით, ამიტომ ავანგარდულ თეატრს აღარ სწამს მეტყველების, ენის. იგი უპირატესობას ანიჭებს ჟესტებსა და მოძრაობებს. ასეა ,,გოდოს მოლოდინშიც’’. ის, რაც პიესაში ხდება, ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც, გასაგებიც და გაუგებარიც. დუმილი, რომელსაც ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც ნებისმიერ დიალოგს, მობორიალე ადამიანები, რომლებსაც არც წარსული აქვთ და არც მომავალი, რომლებშიც აუცილებლად საკუთარი თავი უნდა ამოიცნო, რადგან ყველა ჩვენგანის მდგომარეობა მოლოდინია. მაშინ, როცა მკითხველი რაღაც საინტერესოს ელოდება, პიესის ძირითადი „მოქმედება“ - ლოდინია, რადგან სემუელ ბეკეტმა ტრადიციებს ზურგი შეაქცია, ნაწარმოებები „უმოქმედობაზე“ ააგო. ის აიძულებს მკითხველს, ელოდოს სცენაზე „რაღაცის“ მოხდენას, ისევე, როგორც მისი მაწანწალები ელიან რაღაცას ცხოვრებაში.

ორი მაწანწალა - ესტრაგონი და ვლადიმირი, ანუ გოგო და დიდი დაბორიალობენ გაურკვეველ სივრცეში. ხანდახან შეიძლება ისეთი რამ წამოსცდეთ, რამაც ღრმად დაგვაფიქრებს. მერე სხვა პერსონაჟებიც გამოჩნდებიან- პოცო, სულ მათრახს რომ ატყლაშუნებს და თოკით მიათრევს, ტვირთაკიდებულ მონას, სახელად ლაკის. შემდეგ ბოი გვეცხადება, რომ დიდის და გოგოს აუწყოს - გოდო იმ ღამით მისვლას ვერ ახერხებს, მაგრამ ხვალ წესით არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი.... ორი მაწანწალა წასვლას გადაწყვეტს: „მაშ კარგი. აბა, ჩვენ წავედით...“ მაგრამ მთავარი ისაა, რომ პერსონაჟები ადგილიდან არ იძვრიან. მათ სიკვდილის გარდა, არაფერი დარჩენიათ, თუმცა თავის მოკვლასაც ვერ ახერხებენ. ყველაზე ტრაგიკული ადგილი პიესაში ისაა, როდესაც ოთხივე პერსონაჟი დაცემულია და ადგომა არ შეუძლიათ. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ ვლადიმირის სტყვები-,, ჩევნ ადამიანები ვართ’’- მკითხველს აფხიზლებს და ტრგიკულ რეალობას ანახებს. პერსონაჟები დაუძლურებულნი, დავრდომილნი არინ, ძლივს დაათრევენ საკუთარ სხეულებს. ისინი მარტონი არიან. ყოველი ადამიანი მარტოა იმ სიცარიელეში, რომელსაც ვერაფერი ვერ ავსებს. ადამიანებს ერთმანეთი სძულთ, მაგრამ საკუთარი მარტოობის შიშით, იძულებულნი არიან, ერთმანეთი აიტანონ. ხანდახან სიძულვილი მოეძალებათ და ცდილობენ, ერთმანეთს დაშორდნენ. ეს კი შეუძლებელია, რადგან ერთად ყოფნა მარტოობის წინააღმდეგ თავდაცვაა. ამ პიესას ყველა თავისუბურად გაიგებს. ესაა ტიპური ღია ნაწამოები, რომელიც მოწყვეტილია დროსა და სივრცეს. მას ვერ დავუკავშირებთ კონკრეტულ ეპოქასა თუ რეალობას, ის ზოგადადამიანურ ტრაგედიას გადმოსცემს, რაც ყველა ეროვნებისა და დროის ადამიანისათვის საერთოა. თავად ბეკეტიც ამბობდა, რომ პიესის გასაღებია ,,ალბათ’’, ,,შეიძლება’’.
Yorumlar